Wednesday, April 29, 2020

კეთილი ამხანაგები


             ძველად ერთ სკოლაში პატარა ნინო სწავლობდა. ის ლამაზი გოგონა იყო, მაგრამ ამპარტავნობდა. ზარმაცობდა და ამხანაგებს დასცინოდა. მეტად აბუჩად ჰყავდა აგდებული ელამი კატო.            ამხანაგებს არ მოსწონდათ ნინოს საქციელი. ერთხელ ყვავილი გაჩნდა. დედ-მამის დაუდევრობით ნინოს აცრილი არ ჰქონდა. შეხვდა ყვავილი და სახე დაუმახინჯა. ბავშვმა დაკარგა სილამაზე რითაც ამპარტავნობდა. მორჩენის შემდეგ ნინოს მშობლები სკოლაში გზავნიდნენ, მაგრამ გოგონა ცივ უარზე იდგა. სრცხვენოდა და ეშინოდა ამხანაგების. ბოლოს როგორც იყო, გაგზავნეს სკოლაში. მიდის ნინო და გულში შიშობს: ჩემი ამხანაგები რომ დაკენკილ სახეს დამინახავენ, მასხრად ამიგდებენ, წინანდელ ჯავრს ამოიყრიან და გულს სულ ჩამითუთქავენ.             შევიდა სკოლაში გაფითრებული და აკანკალებული ნინო. მაგრამ დახეთ მის გაოცებას! ამხანაგებს ნინოს დანახვაზე გული სიბრალულით აევსოთ. ისინი ალერსით ანუგეშებდნენ მას. ყველაზე მეთ თანაგრძნობას კატო უწევდა.ნინოს გული ამოუჯდა სიხარულისგან და თვალებიდან შვების ცრემლი წასკდა.


Monday, April 27, 2020

მერცხლები

       




      ერთ სახლის კედელზე, ერთმანეთის მეზობლად, მერცხლის ორი ბუდე იყო მიშენებული. გვიან გაზაფხულზე ერთ ბუდეშიც სამი ჭორფლიანი კვერცხი აკრიალდა და მეორეშიც. დედა მერცხლები მოთმინებით ისხდნენ კვერცხებზე: ათბობდნენ და ათბობდნენ. აბა, გაუთბობლად როგორ დაიბადებოდნენ ბარტყები? ბოლოს, როგორც იქნა, მოევლინენ ამ ქვეყანას პატარებიც. ერთმა დედამ გულთეთრები დაარქვა თავის პატარებს, მეორემ- კუდმაკრატელები.

Sunday, April 26, 2020

მალე სექტემბერიც დადგება





საკმაოდ გრილოდა, მაგრამ მორევში მაინც ბანაობდა სამი შავად გახუხული ბიჭი, ათი- თორმეტი წლისანი. სამივე ისე იყო გამხდარი, ნეკნებს სათითაოდ დაუთვლიდი.
ნაპირზე ცეცხლი ენთოთ.
გამოცვივდნენ ბიჭები წყლიდან აკანკალებულები, თმა ზღარბივით ედგათ, კბილებს აკაწკაწებდნენ. მიუცუცქდნენ ცეცხლს, თანაც იმ მხარეს, საითაც ბოლი მიდიოდა. თვალებდახუჭულები ხელებს ალში ურევდნენ.
მენახირე თედო ჭალიდან ბრუნდებოდა და მობანავეებს თავზე წაადგა. დაეყუდა ჯოხზე, უყურებს. ამოხედეს, ჩქარ-ჩქარა დაახამხამეს თვალები, ბოლს აქეთ-იქით დაუწყეს გაყრა ხელებით.
-აქედან მაინც დაუსხედით, კაცებო, მაგ ბოლში რას იხრჩობთ თავს? - უთხრა თედომ ბიჭებს.

მათ ერთმანეთს გადახეღეს:
-მანდეთ რომ სითბო არ მოდის?

გაწბილებულმა თედომ კეფა მოიფხანა.
- კი, მაგრამ რაღა გაბანავებთ, როცა თან ეგრე გცივათ?

- კარგია! - სიამოვნების სიცილით თქვა ყველაზე გამხდარმა.

- ადრე გებანავათ, სანამ მზე მაღლა იყო და თბილოღა.

- მაშინაც ვბანაობდით.

- არ გეყოთ?

- არა, მალე სწავლა იწყება და მერე...

-მერე აღარ შეიძლება ბანაობა?

-შეიძლება, მაგრამ ეგეთი გემო აღარა აქვს.

-რატომ?

-იმიტომ, რომ გაკვეთილები გვაქვს მოსამზადებელი...

- უცებ წამოხტნენ, გაიქცნენ და გადაეშვნენ მორევში.

Tuesday, April 14, 2020

გაზაფხული

გაზაფხული 

გაზაფხულო! გაზაფხულო!
რა კარგი ხარ, რა კარგი!
ყვავილებით მორთული,
მზის სხივებით ნაქარგი!

მოხვალ, თან მოგყვებიან
მაყრიონი - ჩიტები,
ბულბულები, მერცხლები,
შაშვები და  გვრიტები!

გაზაფხულო! გაზაფხულო!
რა კარგი ხარ,  რა კარგი!
ყვავილებით მორთული,
მზის სხივებით ნაქარგი!


Monday, April 13, 2020

ყველაზე ყოჩაღი


       ერთხელ პატარა ბიჭუნები კამათობდნენ. არა, მე ვარ ყოჩაღი, არა მეო. ვინ იცის როდემდე გაგრძელდებოდა მათი დავა, ერთ მოხუცებულ კაცს რომ არ ჩამოევლო. 

   

 მან ყური მოჰკრა ბიჭების კამათს და ღიმილმორეულმა გზა განაგრძო. უცებ ქვას ფეხი წამოჰკრა, დაბარბაცდა და ჯოხი ხელიდან გაუვარდა.

      ბიჭებს სიცილი აუტყდათ. ერთმა ბიჭმა კი მკვირცხლად მიირბინა მოხუცთან და ჯოხი მიაწოდა. თეთრწვერა პაპამ ჯოხი გამოართვა, გაუღიმა და მახლობლად მდგარ ბიჭებს მიუბრუნდა:

    - აი, ვინ არის თქვენში ყველაზე ყოჩაღი: მიხვდით, ბიჭებო? სიტყვით კი არა, საქმით უნდა უჩვენოთ სხვებს, რომ მართლა ყოჩაღები ხართ!

-ბიჭებს შერცხვათ და თავი ჩაღუნეს.

      

Thursday, April 9, 2020

ბუზი და ჭიანჭველა

   

ბუზი და ჭიანჭველა



 ერთხელ ბუზმა ჰკითხა ჭიანჭველას:

- რა არის, რომ მუდამ ასე დადიხარ და ხმას არ იღებ?

- რა ვქნა, ძმაო, ხომ ხედავ, ვმუშაობ... შენ რაღას აკეთებ?

- როგორ თუ რას? არ გესმის რომ ვბზუი?

- ბზუილი კი მესმის, მაგრამ შენ გაკეთებულს ვერაფერს ვხედავთ, - მიუგო ჭიანჭველამ.

Monday, April 6, 2020

ხალხური ლექსების გააზრება


მუმლი მუხასაო, 

არს ეხვეოდაო,
მუმლი ქრებოდაო,
მუმლი წყდებოდაო,
 ხე არ ხმებოდაო.






დაიხსომე კარგად
წინაპართა თქმული:
მუხას ვერასოდეს მოერევა მუმლი,
თუ სამშობლო მუდამ
გეყვარება გულით.

Friday, April 3, 2020

ლექსები დედაენაზე




"ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა,

ჩვენი ენა ქართული, 

ოქროსხმიან სიმებად

გულში ამოხლართული."





"აი ჩემი კარგი წიგნი,
სულ პირველი საანბანო,
დედაენის დასაწყისი,
დედასავით სათაყვანო."





"აქ ჩიტუნა ხატია,
აქ ხატია ია,
ძლიერ კარგი წიგნია,
 "დედაენა" ჰქვია."

Monday, March 30, 2020

ღამურა

ღამურა

     ღამეა. ოთახში ღამურა შემოფრინდა.

ხმაურზე ახლადჩაძინებულ პატარა გიორგის გაეღვიძა და ატირდა.
-ნე გეშინია, ეს ღამურაა!-უთხრა დედამ.
მან ფანჯარა გამოაღო და ღამურა გარეთ გაუშვა.