Sunday, April 26, 2020

მალე სექტემბერიც დადგება





საკმაოდ გრილოდა, მაგრამ მორევში მაინც ბანაობდა სამი შავად გახუხული ბიჭი, ათი- თორმეტი წლისანი. სამივე ისე იყო გამხდარი, ნეკნებს სათითაოდ დაუთვლიდი.
ნაპირზე ცეცხლი ენთოთ.
გამოცვივდნენ ბიჭები წყლიდან აკანკალებულები, თმა ზღარბივით ედგათ, კბილებს აკაწკაწებდნენ. მიუცუცქდნენ ცეცხლს, თანაც იმ მხარეს, საითაც ბოლი მიდიოდა. თვალებდახუჭულები ხელებს ალში ურევდნენ.
მენახირე თედო ჭალიდან ბრუნდებოდა და მობანავეებს თავზე წაადგა. დაეყუდა ჯოხზე, უყურებს. ამოხედეს, ჩქარ-ჩქარა დაახამხამეს თვალები, ბოლს აქეთ-იქით დაუწყეს გაყრა ხელებით.
-აქედან მაინც დაუსხედით, კაცებო, მაგ ბოლში რას იხრჩობთ თავს? - უთხრა თედომ ბიჭებს.

მათ ერთმანეთს გადახეღეს:
-მანდეთ რომ სითბო არ მოდის?

გაწბილებულმა თედომ კეფა მოიფხანა.
- კი, მაგრამ რაღა გაბანავებთ, როცა თან ეგრე გცივათ?

- კარგია! - სიამოვნების სიცილით თქვა ყველაზე გამხდარმა.

- ადრე გებანავათ, სანამ მზე მაღლა იყო და თბილოღა.

- მაშინაც ვბანაობდით.

- არ გეყოთ?

- არა, მალე სწავლა იწყება და მერე...

-მერე აღარ შეიძლება ბანაობა?

-შეიძლება, მაგრამ ეგეთი გემო აღარა აქვს.

-რატომ?

-იმიტომ, რომ გაკვეთილები გვაქვს მოსამზადებელი...

- უცებ წამოხტნენ, გაიქცნენ და გადაეშვნენ მორევში.

No comments:

Post a Comment